სკოლის ისტორია

,,ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა, დედამიწას გული გადაუხსნა, შიგ აუარებელი ულევი სიმდიდრე ჩაუდგა და ადამიანს უანდერძა: იშრომე, გაისარჯე და ეგ სიმდიდრე დედამიწის გულიდან ამოიღე და შენს სადღეგრძელოდ მოიხმარეო.
რაც კაცის თვალს დედამიწის გულში ჩაახედებს, რაც კაცს წინ მიუძღვება ხოლმე და უტყუარად ეუბნება: აი, აქ ეს სიმდიდრეა ღვთისგან შენთვის ბოძებული, ამას ამ ხერხით, ამ ოსტატობით უფრო ადვილად, უფრო ბლომად ამოიღებო. მაგისთანა ღვთისნიერ წინამძღოლს ცოდნა ჰქვიან“, ___ გვიანდერძა დიდმა ილია ჭავჭავაძემ, მწერალმა საზოგადო მოღვაწემ და ქართველი ხალხის მიერ წმინდანად შერაცხულმა.

ჩვენი მოკლე ექსკურსი სწორედ ასეთი ცოდნის კერაზე, მესხეთის გულში, ქალაქ ახალციხეში, არსებულ მეხუთე საჯარო სკოლის ისტორიას შეეხება.

დღევანდელი ჩვენი სკოლის მეორე კორპუსში 1960 წლამდე  პედაგოგიური ტექნიკუმი მოქმედებდა.  ტექნიკუმის დახურვის შემდეგ იმავე შენობაში გაიხსნა პირველი სკოლა-ინტერნატი, 1980 წელს ინტერნატი გადავიდა ახალ აგებულ სპეციალურ შენობაში და მის ადგილზე გაიხსნა ახალციხის N5 საშუალო სკოლა, რასაც დიდი ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა.

ისტორიული მესხეთის მრავალჭირგამოვლილ ქალაქ ახალციხეში რიგით მე-5 საშუალო სკოლის გახსნა დიდი ზეიმით იდღესასწაულა არა მარტო ახალციხის მოსახლეობამ, არამედ ეს დღე საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული სტუმრების ზეიმად იქცა. სკოლის ეზო და მიმდებარე ქუჩები ვერ იტევდა მოზღვავებულ ხალხს, ჟღერდა საქართველოს ჰიმნი ,,იდიდე მარად ჩემო სამშობლოდა უნიკალური მესხური ხალხური სიმღერები.

სკოლის დირექტორად დაინიშნა ქალბატონი რუსუდან კიკილაშვილი, იგი მანამდე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ქალბატონი რუსუდანი მოწოდებით პედაგოგი, ღრმად განათლებული, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, დახვეწილი მანერებით, მტკიცე ნებისყოფისა და მაღალი კულტურის პიროვნება გახლდათ, ასე ამკობს ქალბატონ რუსუდანს პედაგოგიური კოლექტივი.

ამხანაგებო! ნება მიბოძეთ, ქალაქ ახალციხის N5 საშუალო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის, მოსწავლეთა და მათი მშობლების სახელით მადლობა გადავუხადო ახალციხის რაიონულ კომიტეტს, რაიონის აღმასრულებელ საბჭოსა და ყველა იმას, ვინც დიდი შრომა გასწია ახალციხეში მეორე ქართული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. გწამდეთ, რომ ცოდნის ამ უძველეს კერაზე კვლავ აღიზრდებიან მამულის სასახელო შვილები: ახალი თმოგველები, ჩახრუხაძეები, რუსთაველები, ოპიზრები, გვარამაძეები და თამარაშვილები, ამ დიდ საქმეში კი დამსახურებული ამღზრდელ - მასწავლებლების: მარო მესხელის, მიხა კოპაძის, ქეთევან ალელიშვილის, გეოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ირაკლი ხმალაძის, მეცნიერებათა დოქტორ გიორგი ტივაძისა და სხვათა  წვლილი უდიდესი იქნება. ბევრი წარმატებული ადამიანი აღუზრდია ჩვენს ქალაქს. ვუსურვოთ, ჩვენს სკოლას სიბრძნისა და ცოდნის წყაროს მარადიულად  ეჩუხჩუხოს.

გახსოვდეთ, რომ ხალხი ყურადღებითა და სასოებით შემოგვყურებს ჩვენ,მასწავლებლებს, ნუ გავუწბილებთ იმედებს, მოგიწოდებთ საიმედო ცვლის, XXI საუკუნის ღირსეულ მესაჭეთა,  აღზრდას, არ მოგვშლოდეს წარმატებები, არასოდეს დავმარცხებულიყავით, არასოდეს დავღლილიყავით, არასოდეს შევრხცვენილიყავით,“ -აღნიშნა სკოლის გახსნისას ქალბატონმა რუსუდან კიკილაშვილმა.

ქალბატონ რუსუდან კიკილაშვილსა და პედაგოგიურ კოლექტივს სკოლის გახსნისთანავე სურდათ, სკოლისათვის მიენიჭებინათ ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელი. 1984 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით  დაკმაყოფილდა ახალციხის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის შუამდგომლობა ქალაქ ახალციხის N5 საშუალო სკოლისათვის  დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელის მინიჭების შესახებ.

  განათლების განყოფილებისა და ამ დარგის ხელმძღვანელობის დახმარებით სკოლა მალევე აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით, დაკომპლექტდა ახალგაზრდა ნიჭიერი პედაგოგებით, გაიზარდა მოსწავლეთა კონტინგენტი, შეიქმნა ბიბლიოთეკა, საფუძველი ჩაეყარა და ჩამოყალიბდა ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავთა გუნდი, რამაც მეტი შემოქმედებითი ელფერი შესძინა სკოლას. ანსამბლები მონაწილეობენ როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე.

1998 წელს სკოლას სათავეში ჩაუდგა ფილოლოგი, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბატონი სერგო კაპანაძე. მისი ხელმძღვანელობით სკოლამ კვლავ განაგრძო სხვადასხვა მიმართულებით განვითარება, დიდია მისი ღვაწლი მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.

2005 წლის 15 სექტემბრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №448  ბრძანების ”ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების თანახმად” სკოლას   სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა ეწოდა.

2006 წლიდან   სკოლის დირექტორად დაინიშნა ქალბატონი ჟენია მერაბიშვილი. მან დიდი ენერგია და შრომა გასწია სკოლის განვითარების საქმეში, მისი ხელმძღვანელობის დროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სკოლის პირველ კორპუსს, აშენდა მესამე ახალი კორპუსი. 2012 წელს სკოლაში გაიხსნა ულტრა-თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ,,მომავლის კლასი“,  პედაგოგებსა და მოსწავლეებს ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები შეეთავაზებინათ მოსწავლეებისათვის. ამ პერიოდში სკოლაში ფუნქციონირებას განაგრძობდა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლომსია“. შეიქმნა და ჩამოყალიბდა ხელოვნების სტუდია „პალიტრა“. ყოველივე საშუალებას აძლევდა მოსწავლეებს თავიანთი ნიჭი და უნარი შემოქმედებითად განევითარებინათ, რამაც განაპირობა სკოლის კონტინგენტის გაზრდა. ამავე წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალციხის N5 საჯარო სკოლა წლის საუკეთესო სკოლად დაასახელა.

2013 წელს  სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, მათემატიკის პედაგოგი ქალბატონი ნანა დათაშვილი. ქალბატონ ნანას განსაკუთრებული სიყვარული და ერთგულება აკავშირებდა სკოლასთან და პედაგოგიურ კოლექტივთან. გასაკვირი არც არისრადგან იგი ამ სკოლის პირველი ოქროს მედალოსანია. დიდი იყო პასუხისმგებლობა, სასწავლო პროცესთან ერთად სწორად და თანმიმდევრულად ემართა სკოლის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა. ქალბატონი ნანა თამამად, უშურველად და დამაჯერებლად მიიწევდა წინ სკოლის წარმატებისაკენ, თვითონ იყო მაგალითი მოსწავლეებისათვის  ეჩვენებინა, რომ ხარისხიანი განათლებით შესაძლებელია ყველა ოცნებისა და მიზნის მიღწევა.

2014 წლის 12 მარტს   სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ დაინიშნა  ქალბატონი ინგა ვარდიძე, რომელმაც  მალევე  დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა სასკოლო საზოგადოებაში. ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ  2014 წლის 9 დეკემბერს პირველი ვადით და 2023 წლის 16  ოქტომბერს უკვე მეორე ვადით სამეურვეო საბჭოს მიერ   არჩეულ იქნა სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის  დირექტორად. ამ წლების განმავლობაში ინგა ვარდიძე არის   საგანმანათლებლო ლიდერი. იგი მუდმივად ზრუნავს სკოლის განვითარებაზე, სასწავლო პროცესის ეფექტურ მართვაზე, მშობლებსა და საზოგადოებასთან ჯანსაღ კომუნიკაციაზე. ქალბატონი ინგა სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფს მოსწავლეთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე,  პოზიტიურ, წამახალისებელ და უსაფრთხო სასკოლო კულტურის ფორმირების განვითარებასა და შენარჩუნებაზე. მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით სკოლაში გაძლიერდა კათედრების, მოსწავლეთა თვიმართველობის მუშაობა, არაფორმალური განათლება. 

სკოლაში ტრადიციად იქცა  საგნობრივი სასკოლო კონფერენციების    ჩატარება, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განათლების მიზნით  საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კოლეგებისთვის, ასევე მოსწავლეთა და მასწავლებელთა წახალისების მექანიზმების დანერგვა-განხორციელება.სკოლა აქტიურად არის ჩართული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, პროექტებში, სასწავლო ოლიმპიადებში.

 



No comments:

Post a Comment