
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, ახალციხის ციხეზე გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება — „ენის სიცოცხლე, ერის სიცოცხლეა“


ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული რაიონის ყველა სკოლა, მათ შორის
სსიპ ქ. ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლა.

ახალციხეში კიდევ ერთი გამორჩეული კულტურული დღე შედგა, რომელიც ქართული ენის, ლიტერატურისა და შემოქმედების სიყვარულით იყო გაჯერებული. მრავალფეროვან და ემოციურ პროგრამაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა წარმოადგინეს მუსიკალური კომპოზიციები, თეატრალიზებული ნომრები, პოეზია და საინტერესო ლიტერატურული ინტერპრეტაციები. თითოეულმა მონაწილემ გულწრფელად და დიდი პასუხისმგებლობით გადმოსცა ქართული სიტყვის სილამაზე და სიღრმე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სსიპ ქ. ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის აქტიური მონაწილეობა. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით წარმოადგინეს საცეკვაო ნომრები, პოეზია, ხალხური სიმღერები და წარმატებით გაართვეს თავი წამყვანების საპასუხისმგებლო როლსაც.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ ღონისძიების ფარგლებში ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ხათუნა ხმალაძემ, მადლობის სიგელები გადასცა მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს ინგა ვარდიძეს, ასევე სკოლის პედაგოგებს მარინა მჭედლიძესა და ლალი კურტანიძეს.

გულითად მადლობას ვუხდით ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ამ დაფასებისთვის და მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის. მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო ამყარებს სიყვარულს მშობლიური ენისა და კულტურის მიმართ და გვაძლევს ძალას, ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი

(მოსწავლეების ფოტოები ქვეყნდება მშობლის თანხმობით)
No comments:
Post a Comment